ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია
“მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია. იმედია ყველას გვესმის, რომ ეს არ მომხდარა მხოლოდ საქართველოში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ვალის მოცულობის ზრდის მიზეზებზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს ვალის ზრდა, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის მიღებულ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უკავშირდება.
„პანდემიური მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზარალდა მისი ყველა სექტორი და მათ შორის ვალიც. თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. ეს ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ბუნებრივია, პანდემიის სტაბილიზაციის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მომავალი წლიდან ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევამციროთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.