თეა წულუკიანი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან, ეს რა თქმა უნდა, ფასადური ბრძოლაა
“რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა კომპრომისებს ოკუპანტთან, რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ტრაგიკული მახე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას.
წულუკიანის თქმით, ოკუპაცია არის ომის შედეგი.
„ყველამ მოვისმინეთ ქვეყნისთვის ტრაგიკული განცხადება და პირველი კითხვა რაც ჩნდება – კომპრომისი ვისთან, რისთვის კომპრომისი ვის ხარჯზე. მათ რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა პარტიულ ინტერესში კომპრომისებს ოკუპანტთან. რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ეს ტრაგიკული მახე, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში. ოკუპაცია არის ომის შედეგი. დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან, ეს არის რა თქმა უნდა ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან. რეალურად, ოკუპაციას მშვიდობიანი მეთოდებით, იმიტომ რომ ხალხის ინტერესი, სტაბილურობა და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე არის ჩვენთვის მთავარი, მშვიდობიანი გზით, სასამართლო დავებით, მათ შორის ჰააგაში, ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს გამარჯვებამდე ამ დავებს, მაგრამ ჰააგამდე ჩვენ პირველ რიგში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ომის საქმეზე, სადაც ამ ადამიანებმა, ვინც თურმე კომპრომისებით იარა რუსეთთან ერთი მტკიცებულებაც კი არ დაგვიტოვა, რომ სტრასბურგში გვეწარმოებინა დავა და მრავალი წლის მერე მოგვიწია სანთლით გვეძებნა ესა თუ ის მტკიცებულება. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა. მტკიცებულებებს ვიცნობ რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.