ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
მთავრობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.
სამხედროებს შორის არის 2012 წელს ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცის – ალექსანდრე შამუგიას მამა – როინ შამუგია, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროს მის მშობლიურ კუთხეში, ზუგდიდში პატივით დაკრძალავენ.
ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
​სამების საკათედრო ტაძარში, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები