გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სავალდებულო წესით (სახაზინო) ადვოკატი დაენიშნა.
აღნიშნულის მიზეზი გენერალური პროკურატურის ცნობით ისაა, რომ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა უარი თქვეს საქმის მასალების ჩაბარებაზე და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით დაენიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და, ასევე, ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე.
როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ამბობს, ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას. მისი თქმით, ეს ნიშნავს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში ჩართვას, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაცვის უფლების განხორციელებას – ამ საკითხს, მამულაშვილის განცხადებით, წყვეტს სასამართლო.
ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, ეს მათზეც ვრცელდება, რადგან ისინიც დაცვის განხორციელებაში არიან ჩართულები.