სოზარ სუბარი: მოვუწოდებ ყველას, ვისაც სიცხე ან რაიმე სიმპტომი აქვს, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე, ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანია დაინფიცირებული
“სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა და რამდენიმე დღეში არსებული ვითარების სრული სურათი ცნობილი გახდება”, – ამის შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი სვანეთის მოსახლეობას მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომის ან ტემპერატურის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან მიმართონ ექიმს.
„დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა, ერთი ჯგუფი წასულია უშგულსა და ხეობის დასაწყისში. იდლიანში, ჭუბერსა და ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა. რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი. პარალელურად, იქ, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები ჯერ არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება. მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი მაინც, მიაკითხონ ექიმებს, დარეკონ ცხელ ხაზზე იმიტომ, რომ ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც დაინფიცირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.