ლევან დავითაშვილი: შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია, რომ სვანეთში სურსათითა და პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგების პრობლემები არ შეიქმნას

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკარანტინო პირობების შემთხვევაში, მომარაგების საკითხებზეა პასუხისმგებელი. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია, რომ სურსათით და პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგების პრობლემები არ შეიქმნას”,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა იმ რეგიონებში მუშაობის დროს, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები გვქონდა შემოღებული. ეს იყო ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტი. დღეს იმავე გამოცდილებას ვიყენებთ მესტიაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა სვანეთს თავისი სპეციფიკა გააჩნია. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული. ამავე დროს, გვაქვს საკმაოდ ბევრი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ეს მოცემულობა საჭიროებს განსაკუთრებულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას. საჭიროა განსაკუთრებული კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახური არის მობილიზებული.
რეგიონში იმყოფება ჩემი მოადგილე, რომელიც პირადად უწევს მუშა პროცესს კოორდინაციას. ამ მომენტისთვის, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რეგიონში დეფიციტი არ არის. დილის მონაცემებით, ქუთაისიდან რეგიონში შესასვლელად მიემართება რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომელიც დატვირთულია საკვები პროდუქტით; გარდა ამისა, დისტრიბუცია, რომელიც რეგიონის მომარაგების კუთხით მუშაობდა, მუშაობს შეუფერხებლად. დისტრიბუტორებს რეგიონში გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. სამინისტროს თანამშრომლები აღრიცხავენ თითოეულ შესულ მანქანას. ყველა შესული მანქანა კონტროლდება, მათ განსაზღვრული აქვთ კონკრეტული დანიშნულების ადგილები. კონტროლდება მათ მიერ რეგიონის დატოვების საკითხიც (ფიქსირდება დრო და ა.შ.). თითოეული საკითხი ორგანიზებულია ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ.
სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, შრომის ინსპექციასთან ერთად, ინტენსიურადაა ჩართული, რომ ადგილზე გაკონტროლდეს ის რეგლამენტები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სურსათის ობიექტებში დისტანცირებასა და სხვა სტანდარტებთან დაკავშირებით შემოიღო, რათა მინიმალური იყოს ინფექციის გავრცელების რისკები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები