გიორგი დონაძე: ანზორ ერქომაიშვილის ოცნებები ნელ-ნელა ხორცს ისხამს და გადის ბოლოში, რაც დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას ჩვენს უნიკალურ ქართულ სიმღერასა და კულტურას

„ანზორ ერქომაიშვილის ოცნებები ნელ-ნელა ხორცს ისხამს და გადის ბოლოში, რაც დასტურია იმისა, რომ  სახელმწიფო გვერდში უდგას ჩვენს უნიკალურ ქართულ სიმღერასა და კულტურას”, – ამ სიტყვებით მიმართა ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე მიწვეულ სტუმრებს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა. გიორგი დონაძემ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გაიხსენა, რომლის იდეის ავტორი ანზორ ერქომაიშვილია.
„ჩვენ შევიკრიბეთ ქალაქ ოზურგეთში, პოლიფონიის სამშობლოში, გამორჩეული, ღირსეული, ქართული ხალხური სიმღერის პატრიარქის, ჩემი და ათასობით ადამიანის მასწავლებლის  ბატონი ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად. წილად მერგო პატივი მე წამეყვანა საღამო. ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომლის განვლილი და გასავლელი ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურის ისტორიისთვის. 70 წელზე მეტია ბატონი ანზორი სცენაზე დგას.  პირველად 10 წელზე პატარა იყო  ბატონ ტრისტან სიხარულიძესთან ერთად ოპერაში რომ გამოვიდა, მას შემდეგ  ქართული კულტურის სადარაჯოზე დგას.  ასევე სიმბოლურია, რომ დღევანდელი კონცერტი ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ გახსნა, რომელიც ბატონმა ანზორმა 50 წლის წინ დაარსა”,- აღნიშნა გიორგი დონაძემ მისასალმებელ სიტყვაში.
მისი თქმით ფოლკლორის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა ფონმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა ფოლკლორულ ანსამბლებს. საიუბილეო ღონისძიება სიმბოლურად ოზურგეთის დრამატულ თეატრის თაღებში გაიმართა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ ცოტა ხნის წინ დაასრულა. საიუბილეო ღონისძიებაში ის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომელთა შექმნაც და მხარდაჭერაც ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. თითოეულმა მონაწილემ ორი სიმღერა შეასრულა. ერთი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა ჩაწერა და გადაარჩინა, ხოლო მეორე ლოტბარმა თავად შექმნა და დღეს ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ბევრს ხალხური ჰგონია.
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის იდეაც ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის, სალოტბარო სკოლებია. ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 30 სალოტბარო სკოლა მოქმედებს, სადაც ამ დროისთვის 1000-მდე ბავშვი ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას უფასოდ სწავლობს.
„ყველა ეს პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა. ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.  სულ ახლახანს გალობის უნივერსიტეტს, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა,  გადაეცა უნიკალური შენობა”, – განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები