მინსკში აცხადებენ, რომ მასობრივი პროტესტების “სპონსორი” და “კოორდინატორები” დააკავეს

ბელორუსის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი პროტესტების კოორდინატორები მინსკში დააკავეს, რომლებიც პროცესს სასტუმროდან მართავდნენ.

ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო “ბელტა” შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ერთერთი მათგანი სასტუმრო “ბელორუსის” ნომერში იმყოფებიდა “და მართვადი სამი ადამიანის ქმედებას, რომლებსაც, თავის მხრივ, ასობით პირი ექვემდებარებოდა”. აღნიშნულ მამაკაცზე ცნობილია ის რომ, ადრე ნასამართლევი იყო ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების ბრალდებით. დაკავების დროს მან ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია და მილიციის თანამშრომელს ცხვირი გაუტეხა.

ასევე, კიდევ ერთი მამაკაცი დაკავებულია სავაჭრო ცენტრ “დონა მოლის” მიმდებარე რაიონში, რომელიც აქციის მონაწილეებს ფულს ურიგებდა. “ბელტას“ინფორმაციით, დაკავების დროს მამაკაცს ზურგჩანთაში 10 ათასზე მეტი დოლარი ჰქონდა.

მანამდე, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პროტესტები რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან იმართებოდა, მათ შორის – პოლონეთიდანაც.

ბელორუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ცესკო-ს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტაკებებში ასობით ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა. დაკავებულია 3 ათასამდე პირი, დაკავებულებს  თავისუფლების 15 წლამდე  აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები