პრეზიდენტი – მარიამ კონცელიძის შვილებს: ეს ჯილდო შეიძლება, ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ როცა გავა დრო, მიხვდებით, რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, “სამოქალქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი – “სამოქალქო თავდადებისათვის” პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისათვის მადლობა გადაუხადა.
“ამ ჯილდოთი მინდა, გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ – საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის.
ეს შეიძლება, თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა.
დღეს შინდისის გმირების დღეა! უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში. არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან. მაგრამ არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება, ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი, რომ შენ უკან შენი ოჯახია, მაგრამ, ალბათ, ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველა ძალიან მადლობელნი ვართ.
თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და, ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელ-ნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება, დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი.
ცოტა ხნის წინ დავაჯილდოვე ერთერთი ცნობილი რეინჯერი – ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა.
ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ესაა ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.