მედია: ბეირუთში საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობას ლიბანის პრემიერ-მინისტრი ტოვებს
ლიბანის მთავრობის მეთაურმა ჰასან დიაბმა, ქვეყნის პრეზიდენტს მიშელ აუნს თანამდებობის დატოვების შესახებ სურვილით მიმართა.
ამის შესახებ “ალ-ჯაზირა” იტყობინება.
მანამდე, არეულობის ფონზე თანამდებობები იუსტიციის, ინფორმაციისა და ეკოლოგიის მინისტრებმა დატოვეს.
ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მიერ პოსტის დატოვების შესახებ.
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, და 5 ათასამდე დაშავდა, ქვეყანაში არეულობა დაიწყო.
საპროტესტო აქციების დროს 70 ძალოვანი და აქციის 700-მდე მონაწილე დაშავდა.
ქუჩაში გამოსული ხალხი სამთავრობო შენობებს არბევს.
უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს. გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამასთან, მომიტინგეთა ჯგუფი ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში შეიჭრა.
დემონსტრანტები მთავრობას დაუდევრობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ.