ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციის დროს 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული.

როგორც უწყების პრესმდივანმა ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, “9 – 10 აგვისტოს ღამით, ადამიანების შეკრება შეინიშნებოდა 33 დასახლებული პუნქტის საარჩევნო უბნებსა და ცენტრალურ მოედნებზე. ქვეყნის მასშტაბით, არასანქცირებულ მიტინგებზე 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული”.

მისი თქმით, დაკავებების უმრავლესობა მინსკშია.

გარდა ამისა, ჩემოდანოვას თქმით, 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია.

ბელარუსის რამდენიმე ქალაქში გვიან ღამით, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო. შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ ძალოვანებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, მათ შორის რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი.

უფლებადამცველი ცენტრ “ვიასნა”-ში აცხადებენ, რომ მინსკში არეულობას ერთი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, თუმცა ოფიციალური პირები აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დღესაც ანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები