რამდენიმე დღეში დაიწყება საქმის არსობრივი განხილვა საქალაქო სასამართლოში 24 ივნისს თბილისის ცენტრში სისხლიანი გარჩევის საქმეზე, რომლის დროსაც გიორგი ენდელაძეს, (რომელიც სასამართლომ დაზარალებულად ცნო) თავს დაესხა 7 ახალგაზრდა, მათ შორის, ერთერთი დეპუტატ კობა კობალაძის შვილი, დავით კობალაძე იყო.
დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა არც დაზარალებული და არც ბრალდებულები ამ დრომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დეტალებზე არც გამომძიებლებთან, არც პრესასთან ჰყვებიან. საინტერესო ფაქტია, რომ დავით ენდელაძის ოჯახს საჩივრით არ მიუმართავს პოლიციისთვის მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელს მკვრივი ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველაზე მძიმე კი – ბარძაყის არეში.
ამჟამად სისხლიან გარჩევაში მონაწილე 7 ადამიანს ბრალი წარედგინა და გამოძიების დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ერთერთი მათგანი კი მიმალვაშია.
24 მაისის ინცინდენტი ქართულ მედიაში იმით იყო აღსანიშნავი, რომ ამ სისხლიან გარჩევაში ,,ქართული ოქცნების“ დეპუტატის, გენერალ კობა კობალაძის შვილი მონაწილეობდა. მედიის ნაწილი საუბრობდა იმაზეც, რომ ინციდენტზე საგამოძიებო მოკვლევა სწორედ იმიტომ არ იწყებოდა, რომ კობალაძემ ინცინდენტი ,,ჩაფარცხა“ და შვილი პატიმრობას ააცილა. თუმცა, ბრალის წარდგენისას მოსამართლემ ყველაზე მსუბუქი ბრალი – ძალადობა მხოლოდ დავით კობალაძეს წარუდგინა. ინციდენტის დანარჩენი მონაწილეები სასამართლოს წინაშე სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით წარდგებიან.
დავით კობალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ინარჩუნებს დუმილის უფლებას და მას ჯერ სასამართლოზე ჩვენება არ მიუცია. ,,კვირა“ დავით კობალაძის ადვოკატს, ირაკლი გაბრიჭიძეს ესაუბრა:
-სასამართლოზე მოითხოვეთ დავით კობალაძის გათავისუფლება 5000-ლარიანი გირაოს საფსურად. მოსამართლემ თქვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რატომ?
-მოსამართლის მოტივი იყო, რომ ბრალდებული კობალაძე დაემალებოდა სასამართლოს. თუ 20 დღის განმავლობაში არც )ერთი მონაწილე (გარდა ერთისა) არსად წასულა, რაღა ამის შემდეგ მიიმალებოდნენ?
-მიგაჩნიათ, რომ დავით კობალაძე მამის ავტორიტეტისა და თანამდებობის გამო ისჯება?
-ნამდვილად. თავად განსაჯეთ: სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებშიც კი ჩანს, რომ დავით კობალაძე ჩხუბში არ მონაწილეობს, იგი დაზარალებულს არც თავს ესხმის და არც ბლაგვ საგანს ურტყამს, ის ხელს კრავს თავის მეგობრებს (რომელთა უმრავლესობასაც არცკი იცნობს) და ანეიტრალებს სიტუაციას. მოსამართლეს ძალიანაც რომ უნდოდეს, მსუბუქ ბრალზე მეტს ვერ წაუყენებს დავით კობალაძეს. ის რომ კობა კობალაძის შვილი არ ყოფილიყო, მას აღმკვეთ ღონისძიებასაც არავინ შეუფარდებდა.
-იმედი გაქვთ, რომ კობალაძეს დარბაზიდან გაათავისუფლებენ?
-ნორმალურ სახელმწიფოში ასეც უნდა იყოს, თუ მოსამართლეს არ შეეშინდება მსგავსი თამამი გადაწყვეტილების მიღებისა არჩევნების წინ, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატისკენ ასი თვალი და ასი ყურია მიპყრობილი.
რაც შეეხება დეპუტატ კობა კობალაძეს, რომელმაც თავად მიაცილა შვილი პოლიციის განყოფილებამდე – მედიასთან ურთიერთობაში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, “კვირასთან” საუბრისას კი აცხადებს:
-უკვე დაიწყება სასამართლო განხილვა, მეც და ჩემი ოჯახიც საკმაო პასუხისმგებლობით ვუდგებით კანონს. დარწმუნებული ვარ, არც მართალი კაცი დაისჯება უსამართლოდ და ვერც დამნაშავე დააღწევს თავს მართლმსაჯულებას.
ია დანელია