2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა – ლევან ანწუხელიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი – თბილისის „თბილისი“ თასითა და მედლებით დააჯილდოვეს.

თბილისის „თბილისისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალური ასპარეზობა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ფეხბურთის ტურნირი საქართველოს მასშტაბით სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ამპუტანტ ფეხბურთელთა ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

ფინალური მატჩი სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ „მზიურის“ საფეხბურთო სტადიონ „მასტერკლას-არენაზე“ გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანები და ამპუტანტ ფეხბურთელთა სხვა გულშემატკივრები დაესწრნენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2016 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები