გერმანიამ საქართველოს COVID-19-ის პანდემიის მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა – „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება” შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა – ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში – კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰუბერტ ქნირში.
“აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას.
KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL – ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) საბიუჯეტო მხარდაჭერა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა მიმდინარე წლის 30 ივლისს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.