უცხოელების ნაწილს, რომლებმაც კორონავირუსის გამო საქართველოს დატოვება ვადის ამოწურვამდე ვერ შეძლეს, დარჩენის უფლება 31 დეკემბრამდე ეძლევათ
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, უცხოელების ნაწილს, რომელმაც კორონავირუსის გამო საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლო, 31 დეკემბრამდე დარჩენის უფლება ეძლევათ.
„უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში; თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ცნობისათვის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.