პოეტი მურმან ჯგუბურია გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში, პოეტი მურმან ჯგუბურია გარდაიცვალა. მასზე სტატუსს აქვეყნებს პოეტი, ირანისტი ნომადი ბართაია.
„ჩემო მურმან, რა უბრალო, რა თბილი, რა მოყვარული, რა გულში ჩამწვდომი იყავი.
როგორ ჰგავდით ერთმანეთს შენ და შენი ლექსები.
მარტო არ შემოსულხარ ქართული პოეზიის სანახებში, სადაც გამოჩენისთანავე დაიმკვიდრე შენი ადგილი, თან შემოგყვნენ ნათესავები, მეზობლები, ახლობლები…
როგორ ჩაგვახუტე ყველას.
სულ სხვანი იყვნენ შენი თვალით დანახული შენი თანამოკალმენი. რა ღრმა იყავი, რა ნიუანსებში ჩამწვდომი, როგორ ხარობდი თითოეულის შემოქმედებითი წარმატებით.
არც პროზაში გელეოდა მადლიანი სიტყვა. პოეზიასთან ერთად ხომ ესსეებითაც დაიმკვიდრე შენეული ადგილი ქართულ მწერლობაში.
ან რა ლამაზად შემოგყავდა უცხო ავტორი ქართულ პოეზიაში.
ბევრი დაგრჩა ნაწერიც და სათქმელიც.
არასოდეს ხმა არ აგიწევია, მალამოსავით გვედებოდა გულზე შენი ყოველი სიტყვა.
რამდენჯერ დაგვთენებია პოეზიაზე საუბარში ერთმანეთთან სტუმრობისას თუ ერთმანეთის გაცილებ-გამოცილებისას თბილისის ქუჩებში.
ბევრი თბილი სიტყვა მახსოვს შენგან, ძალას რომ მმატებდა ისეთი.
ბევრი თბილი სიტყვის ღირსი ხარ ასევე ჩვენგან.
ბუმბულის სიმსუბუქით დააბიჯებდი მშობლიურ მიწაზე.
ბუმბულივით მსუბუქი იყოს ის მიწა შენთვის.
ვუსამძიმრემ შენს ოჯახს ამქვეყნიდან შენს წასვლას, მთელ საქართველოს, ვუსამძიმრებ მეუღლეს, მაკას, რომელიც ასე გესათუთებოდა და დაგკანკალებდა თავს მთელი სიცოცხლე“, – წერს ნომადი ბართაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები