ბეირუთში 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ზარალი თითქმის 5 მილიარდ დოლარს შეადგენს
ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბდუს განცხადებით, ქალაქის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 3-დან 5 მლრდ დოლარამდე შეადგენს.
“ზარალის ოდენობა სამიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე მერყეობს, შესაძლოა, მეტიც იყოს. 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა”, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ქალაქის 4 საავადმყოფო დაინგრა, ამჟამად კი სამედიცინო დაწესებულებები ყველა დაშავებულის მიღებას ვერ ახერხებენ.
“ამჟამად 4 ათას დაშავებულზე ვფლობთ ინფორმაციას, მათი უმრავლესობა საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, რადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ დარჩა როგორც დედაქალაქში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. აფეთქებამ ქალაქში ოთხი საავადმყოფო დაანგრია”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, დაშავებულებთან დაკაშირებული ვითარება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამოც მძიმდება – “ამ ყველაფერმა პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა და ეპიდემიოლოგიური კრიზისიც შექმნა”.
4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი დაშავდა.
5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა, ხოლო მომდევნო ორი კვირით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს.