ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ გამოვიდა

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების წინააღმდეგია.

მისი თქმით, არსებული სამხედრო ობიექტები, ეტაპობრივად, ქვეყნიდან უნდა იყოს გაყვანილი.

ამის შესახებ დმიტრიევმა რუსულ მედიას განუცხადა.

​”არავითარი ახალი სამხედრო ბაზა. რაც შეეხება არსებულ ორ ობიექტს, ვფიქრობ, რუსეთმა თავადაც უნდა გადაწყვიტოს, რადგან შესაძლოა, რუსეთს ეს არც ისე სჭირდებოდეს”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ბელარუსის მიერ ნეიტრალურ ქვეყანაში გარდაქმნის საბოლოო ფაზაში, ეს ობიექტები ქვეყნიდან იქნება გაყვანილი.

“უცებ არა, მაგრამ – მომავალში. რუსეთის ინტერესებს რისკების ქვეშ არ დავაყენებთ, მაგრამ ჩვენს ინტერესებს გავატარებთ. ბელარუსს მომავლში ნეიტრალურ სახელმწიფოდ ვხედავ. მაგრამ ეს ერთი დღის ან წლის გადაწყვეტილება ვერ იქნება. უნდა იყოს პროგრამა, რომელსაც რუს პარტნიორებთან შევათანხმებთ, მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის და როგორ მოხდება ამის რეალიზება, ამისთვის მზად უნდა იყვნენ”, – განმარტა ანდრეი დმიტრიევმა.

1995 წელს ბელარუსსა და რუსეთს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ორი სამხედრო ობიექტის განთავსების შესახებ. კერძოდ, რუსეთმა განათავსა სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სტაციონალური რადიოლოკაციური სადგური – “ვოლგა” და სამხედრო საზღვაო ძალების 43-ე კავშირგაბმულობის კვანძი. დოკუმენტი ძალაში 25 წლის განმავლობაში რჩებოდა, ასევე, შესაძლებელი იყო მისი გახანგრძლივება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

შეთანხმების ვადა 2021 წლის 7 ივნისს იწურება.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდება, რომელშიც 5 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი – ალექსანდრე ლუკაშენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები