სანდრო ლომინაშვილის სკამებზე Dezeen-სა და Designboom-ში წერენ

არქიტექტურის, ინტერიერისა და დიზაინის ცნობილმა ონლაინგამოცემებმა – Dezeen-მა და Designboom-მა ზედიზედ მიუძღვნეს სტატიები ქართველი დიზაინერის, სანდრო ლომინაშვილის სკამებს.
ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ თბილისელი ავტორის ახალ სკამებს, აღნიშნავენ მათ კრეატიულობას, ესთეტიკურ და ფუნქციურ გამართულობას. ეს მართლაც საყურადღებო ფაქტია, რადგან ამ რანგის ჟურნალებში პირველად გამოჩნდა ქართველი დიზაინერის სახელი.
სანდრო ლომინაშვილმა ლონდონის „კინგს კოლეჯ უნივერსიტეტი“ მექანიკური ინჟინერიის განხრით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას თავისი პროფესიით არ უმუშავია, მაგრამ შექმნა საკუთარი სტუდია, სადაც ავეჯისა და განათების დიზაინზე დაიწყო ფიქრი და ბოლო წლების განმავლობაში არაერთი დახვეწილი ეგზემპლარი შექმნა.
სანდრო ლომინაშვილის მიერ შეთხზული ავეჯის მინიმალიზმი, მისი ფორმების სისადავე და კომფორტულობა  უმალ იპყრობს დიზაინის სფეროში გათვითცნობიერებული მნახველის მზერას. ახალგაზრდა დიზაინერის მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი არა მხოლოდ საფუძვლიანად ფლობს თანამედროვე ავეჯის დიზაინის სფეროში დაგროვებულ უზარმაზარ ცოდნას, არამედ ზედმიწევნით იცნობს ბუნებისა და ხელოვნების ენას, რაც  განსაკუთრებით ეხმარება საკუთარი ობიექტების უნიკალური ფორმებისა და გეომეტრიის მიგნებაში.
Dezeen-ის მიმომხილველმა სანდრო ლომინაშვილის ახალ სკამში ჭიანჭველის სხეულის სტრუქტურასთან სიახლოვე დაინახა. 18 ნაწილისგან შემდგარი ეს კონსტრუქცია თავისი დახვეწილი იერსახითა და კომფორტულობით ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩენს მათი საკუთრად ფლობის სურვილს. პირადად მე სანდროს მიერ სრულქმნილი სკამები ქანდაკებას მაგონებს, რომელთა სხეულიც და სილუეტიც ამ ჟანრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
თანამედროვე დიზაინის სამყაროში ისეთ პოპულარულ და გავლენიან ვებჟურნალებს, როგორებიც არიან; Dezeen და Designboom, უამრავი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომაც იოლად საგულვებელია, რომ ქართველი დიზაინერის უნატიფესმა ობიექტებმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გამოიწვიონ ინტერესი და მოიწადინონ მისი სერიულ პროდუქციად გადაქცევა.
ჩემი აზრით, სანდრო ლომინაშვილის სკამებს ნამდვილად გააჩნია საექსპორტო პოტენციალი და ვისურვებდი, რომ ქართველი დიზაინერის ქმნილება საქართველოში აწარმოონ და აქედან მიეწოდოს მისით დაინტერესებულ მომხმარებელს.
სანდრო ლომინაშვილი იშვიათი პროფესიული შესაძლებლობების დიზაინერია, რომლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენა მართებს სათანადო სამსახურებს, რათა ქართულმა ნიჭმა საკუთარ ქვეყანაში სანდო დასყრდენი ჰპოვოს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები