სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ბინების დაკანონების პროექტი დაიწყო
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების დაკანონების პროექტი დაიწყო.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანად და სამართლიანად წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან.
ბინების გადაცემაზე წარდგენილ განცხადებებსა და დოკუმენტაციას კომისია ინდივიდურად განიხილავს და თავდაცვის მინისტრს საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენს.
განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს.
სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ 5000-მდე ბინას ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ.