გიორგი ვოლსკი: საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით, მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი პრიორიტეტული ხდება
“საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით, მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი ენერგოსფეროში, სატრანსპორტო სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში პრიორიტეტული ხდება” , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრია გაკეთებული და მომავალში ადამიანები შეეცდებიან, წარმოჩნდნენ, როგორც გარემოს მეგობრისა და გარემოს დამცველის სტატუსით. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, აღნიშნული მნიშვნელოვანი თემები თითქმის იკარგება.
„ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თითქმის იკარგება პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ვინც თვალს ადევნებს ამ მიმართულებით კომიტეტის, პარლამენტის, მთავრობის, ასევე, კერძო პირების საქმიანობას და თქვენ იცით, განსაკუთრებით ვისზე მაქვს საუბარი, შეუძლია, დააფასოს მიღწეული შედეგები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პარტნიორების, თუნდაც გერმანიის კონკრეტული დახმარებით, ჩვენ გაცილებით წინ წავიწიეთ როგორც რეგიონული მასშტაბით, ასევე – მსოფლიო დონეზე. დიდი მადლობა ამისთვის კომიტეტსა და ყველას, ვინც გარკვეული ძალისხმევა გამოიჩინა ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.