გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და “ცხინვალი 1920” – ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე 

 პუტინის რუსეთი სულ უფრო ხშირად და ეფექტურად იყენებს პროპაგანდას, როგორც სხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესის გატარების იარაღს. მართალია, საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევი ეს ხრიკი ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ბოლო წლებში მისი მასშტაბები გაიზარდა და რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების ნაწილად იქცა. სიახლე არც ის გახლავთ, რომ ასეთ შემთხვევებში კრემლისათვის სეპარატისტული ძალები მთავარ იარაღს წარმოადგენენ და  აპელირება ისეთი მგრძნობიარე თემით, როგორიც გენოციდია, ერთიორად “მომგებიანია” მათთვის. 

დოკუმენტური ფილმი “ცხინვალი 1920”, რომელსაც მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს, სიმართლის დადგენის მცდელობასთან ერთად, ამ დეზინფორმაციის პასუხია, რომელსაც მხოლოდ ერთი მთავარი გზავნილი აქვს – სიმართლე. 

როგორია რუსული ნარატივი, ვის და რაში სჭირდება ისტორიის გაყალბება და რა როლი ექნება ფილმს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად ასახვის პროცესში – ამ და სხვა კითხვებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და “ცხინვალი 1920-ის” გადაღების ერთერთი ინიციატორი, დავით ბრაგვაძე პასუხობს.  

_ როგორ მიხვედით ფილმის გადაღების გადაწყვეტილებამდე და რატომ შეირჩა ეს ფორმატი ოსურ-რუსული დეზინფორმაციის პასუხად?

_ ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა 2020 წელი „გენოციდის წლად” გამოაცხადა. ზოგადად, სეპარატისტული პროპაგანდა – მნიშვნელოვანწილად, კრემლის წაქეზებით – დიდი ხანია, ცდილობს ამ საკითხის აქტუალიზებას. მათი ნარატივი არ ეფუძნება არანაირ დოკუმენტურ მასალას და მიზნად ისტორიული სინამდვილის წარმოჩენას არ ისახავს. მათი უმთავრესი მიზანია, კიდევ უფრო გაამძაფრონ მტრის ხატის შეგრძნება ქართველებსა და საქართველოსთან მიმართებით. ამ საკითხზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ე.წ. ტვინის გამორეცხვის (Brain wash) პროცესი. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგვეხდინა გარკვეული რეაგირება, ჩაგვეტარებინა კვლევა, მოგვეძიებინა საარქივო მასალები და მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა ფილმი, რომელშიც მაქსიმალურად ზუსტად იქნებოდა ასახული 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ფილმი, სრულად ასახოს ისტორიული სინამდვილე? 

_ შეიძლება, გადაჭრით ითქვას, რომ სცენარზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის გამორჩეული მკვლევრებისგან შედგება, შეისწავლა როგორც უკვე გამოქვეყნებული, ისე – აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები. ცხადია, 100 პროცენტით იმის გამორიცხვა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ახალი დოკუმენტების მოძიება აღარ მოხდება  – არ შეიძლება, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. ამ დროისთვის თითქმის სრულადაა დამუშავებული საკითხზე არსებული დოკუმენტური მასალები. ამიტომ, ვფიქრობთ, ფილმი ადეკვატური პასუხი იქნება კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის პროპაგანდაზე და ის შეძლებს ისტორიული პროცესის ადეკვატურად წარმოჩენას.

_ რა მთავარი გზავნილები შეიძლება, მიაწვდინოს ფილმმა მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს? 

_ ფილმზე მუშაობის პროცესში შემოქმედებითი ჯგუფი შეთანხმდა, რომ ჩვენი მიზანი არაა, ასე ვთქვათ, „ქართული პროპაგანდისტული“ პროდუქტის შექმნა. ჩვენ საკითხს ვუდგებით ობიექტურობის, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, რაც იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ მიზანმიმართულ გადაცდომას.

მთავარი მესიჯი იქნება სიმართლე – მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების თხრობა. ფილმში გაჟღერებული ყოველი სიტყვა გამაგრებული იქნება ისტორიული წყაროებით. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ისიც, რომ ბოლშევიკური აჯანყების ჩახშობისას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელთა მხრიდან გარკვეულ ეპიზოდებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. ჩვენ არც მსგავსი ფაქტების დამალვას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელოვნური ბარიერებით გაყოფილი საზოგადოება ერთმანეთს მხოლოდ სიმართლის ენით უნდა ესაუბროს. თუმცა, აქედანვე შეიძლება, ითქვას, რომ “გენოციდის“, „ეთნიკური წმენდისა“ და მსგავსი ტერმინების გამოყენებას რუსული და სეპარატისტული პროპაგანდის მხრიდან არანაირი საფუძველი აქვს, რადგან ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა მტრულად განწყობილი შეირაღებული აჯანყებულების წინააღმდეგ და არა – ბრძოლა ეთნიკური ოსების წინააღდეგ. სხვათა შორის, დოკუმენტური მასალებიდან იკვეთება ისიც, რომ ოსური მოსახლების უდიდესი ნაწილი ამ აჯანყებას საერთოდ არ თანაუგრძნობდა.

_ როგორია რუსული ნარატივი, რა კამპანიები მიმდინარეობს რუსეთში ამ კუთხით და, ზოგადად, როგორ მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა?

რუსული ნარატივების საძებნელად შორს წასვლა არაა საჭირო. ამის გასაგებად საკმარისია, ვლადიმერ პუტინის მიერ შარშან გაკეთებული კომენტარი მოვისმინოთ, რომელშიც მან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები ისე მიმოიხილა, რომ ერთი ფაქტიც არ დაუსახლებია, რომელიც ოდნავ ახლოს მაინც იყო სიმართლესთან.

ამ შემთხვევაში, რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ერთადერთი მიზანი ისტორიის გაყალბება და ამ გაყალბებული ისტორიით გარკვეული ზეწოლის ბერკეტის შექმნაა.

მათ შეიძლება, ჰქონდეთ იმედი, რომ შექმნიან საზოგადოებრივ აზრს, ყველას დააჯერებენ, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოსური მოსახლების გენოციდი მოახდინა. ეს ნარატივი არ იქნება გამყარებული ისტორიული წყაროებით, მაგრამ მთავარი მიზანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაა.

არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ ამ განწყობებს კრემლი მომავალში თბილისზე ზეწოლისთვის გამოიყენებს გარკვეული მუქარების სახით, რომ შესაძლოა, მოხდეს რუსეთის მიერ „ოსების გენოციდის“ აღიარება. ამ გადასახედიდან ეს პერსპექტივა ვინმეს შეიძლება, არარეალურად მოეჩვენოს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პუტინის რუსეთი ხშირად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მისივე ინტერესებსაც აზიანებს ხოლმე. ამიტომ გადაჭრით არაფრის გამორიცხვა შეიძლება.

_ ბოლო პერიოდში  ინტერნეტსივრცეში გაჩნდა უამრავი სტატია, პროპაგანდისტული ნახატები და საინფორმაციო ომის სხვა კომპონენტები, რომლებიც თითქოსდა “გენოციდს” ასახავენ… რა საინფორმაციო ველის შექმნას ცდილობს ოსური მხარე? 

_ რუსეთისგან განსხვავებით, სეპარატისტული რეჟიმის მიზნები უფრო ვიწროა და შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. ე.წ. გენოციდის საკითხის აქტუალიზებით ისინი, ერთი მხრივ, ქმნიან განცდას, რომ „სახელმწიფო მუშაობს“ და ოსური საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვა ხდება. მეორე მხრივ, ყველასთვის ცნობილია, რაოდენ მძიმეა ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ისტორიის გაყალბება და იმის აქტუალიზება, რომ ქართველები არა მხოლოდ 30, არამედ 100  წლის წინაც „დევნიდნენ ოსებს“, სეპარატისტულ რეჟიმს ქართველთა შევიწროებისთვის გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძველს უმზადებს.

_ თქვენი აზრით, იქნება თუ არა “ცხინვალი 1920” საკმარისი რუსული იდეოლოგიის ამ კონკრეტულ ნაწილთან საბრძოლველად და, ზოგადად, რა როლი შეიძლება, ჰქონდეს ფილმს? 

_ სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენი რესურსები ძალზე ლიმიტირებულია. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენი მიზანია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების გადმოცემა. მიგვაჩნია, რომ ეს ფილმი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და პასუხს გასცემს რუსული, ან სეპარატისტული პროპაგანდის აბსურდულ ბრალდებებს. ამავე დროს, ის დარჩება წყაროდ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

“ცხინვალი 1920-ზე” მომუშავე ჯგუფის მიზანი ფილმის ფართო  აუდიტორიამდე მიტანაა – როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე – დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსებამდე და ქართველებამდე. დოკუმენტური ფილმი ჩრდილოკავკასიურ და რუსულ საზოგადოებაშიც უნდა გავრცელდეს.  

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები