ანონსი

ორშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია. ღონისძიება პარლამენტის C კორპუსში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, 11:00 საათზე დაიწყება.

კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ კი ნინო წილოსანი დეტალურად ისაუბრებს კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობაზე.

დისკუსიისა და დასკვნითი სიტყვის შემდეგ, პარლამენტში მწვანე სივრცეს გახსნიან და დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ასევე CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.

პარლამენტში მწვანე სივრცის კონცეფცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა, რაც კომიტეტის სათათბირო ოთახის გვერდით არსებულ სივრცეში მწვანე კუთხის მოწყობას გულისხმობს.

მწვანე სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას, შეუერთდეს გარემოს დაცვისა და მწვანე ოფისის პრინციპების დამკვიდრებას ორგანიზაციის ყოველდღიურობაში. დაამკვიდროს და აჩვენოს საკუთარ მაგალითზე თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზე გაუფრთხილდეს ბუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები