იუსტიციის მინისტრმა წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უახლოეს მომავალში შეეძლებათ.

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძე წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება. წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 780 კვადრატული მეტრია. ტენდერი წყალტუბოს ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა. წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

ამჟამად საქართველოში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები