სემეკ-ის ახალი დისტანციური მომსახურებით – *303#-ით – 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი ახალი მომსახურებით – *303#, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონით მოქალაქემ მიიღოს კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია, 3 თვეში 200,909 პირმა ისარგებლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკომუნიკაციო კომპანიების „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, *303# მომსახურება გამოიყენა პროგრამაში ჩართული კომუნალური მომსახურების ყველა კომპანიის აბონენტმა.

„*303# მომსახურება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

*303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე *303# მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლის“, შპს „რუსთავის წყლის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ მომხმარებლებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები