ხელვაჩაურის საკრებულომ დეპუტატ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ ვაჟა თავდგირიძეს ხელვაჩაურის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზად დეპუტატის ექვსი თვის განმავლობაში გამოუცხადებლობა სახელდება.

კენჭისყრაზე 15-მა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უფლებამოსილების შეწყვეტას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკური მოტივით ხსნიან, მათ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვით დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

„წარვადგინეთ სამედიცინო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ დეპუტატს აქვს მძიმე სენი და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატის გადაბირება სურდა, ის ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს წევრობის სტატუსის შენარჩუნების სანაცვლოდ ფრაქციის დატოვებას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო“, – განაცხადა ფრაქცია„ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძემ.

ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დოკუმენტი – „ფორმა100“ არ არის საკმარისი დოკუმენტი.

„ვაჟა თავდგირიძე სხდომებზე არ დადიოდა, სხვა პიროვნული პრობლემები მასთან ჩვენ არ გვაქვს. კარგი ადამიანია, მესმის მისი მორალური მხარე. არსებობს კანონი, უკვე სამი წელია, საკრებულოს დეპუტატია და სხდომაზე მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ცხადდებოდა. როგორც ჩანს, ახლა გამორჩა. კანონის თანახმად, გაცდენის შემდეგ საკრებულო წევრის უფლებამოსილების საკითხი დგება. თუ ავად არის, საბუთები თავის დროზე უნდა წარმოადგინოს. მხოლოდ ერთი ფარატინა ქაღალდი აქვს წარმოდგენილი, რომ ავად იმყოფებოდა. ეჭვი არ მეპარება მის მდგომარეობაზე. მკურნალობის დოკუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი, რა წამლებით გადიოდა მკურნალობას. მხოლოდ „ფორმა 100“ დოკუმენტი არ არის, რადგან „ფორმა 100“-ში ერთი რამ წერია, ფაქტები კი მეორეზე საუბრობს. რა გააყალბა, რა გააკეთა, ამას ძალოვნები მოიკითხავენ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ 6 თვის განმავლობაში თავდგირიძე მოქალაქეებს ხვდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები