წაქაძეების ოჯახი: გამოვთქვამთ პროტესტს „TV პირველის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, ჩვენი შვილი გიორგი შაქარაშვილის მიმართ ძალადობას ნაწილობრივ აღიარებს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული  ირაკლი წაქაძის ოჯახი “TV პირველს” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ოჯახის განცხადება წაქაძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

წაქაძეების ოჯახის განცხადებით, ისინი პროტესტს გამოთქვამენ სამაუწყებლო კომპანია “TV პირველში“ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, ირაკლი წაქაძე „გიორგი შაქარაშვილის მიმართ ძალადობას ნაწილობრივ აღიარებს“.

როგორც დაკავებულის ოჯახი აცხადებს, ირაკლი წაქაძე თავის კოლეგა ფეხბურთელთან, გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. მათივე განმარტებით, ირაკლი წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისდა უნებურად ჩართული აღმოჩნდა ჩხუბში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები იყო „ძირითადად, განრიდების მიმართულებით“.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა, კიდევ ერთხელ დიდი გულისტკივილი გამოვთქვათ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ გიორგის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.
ჩვენი შვილი, ირაკლი და გიორგი მოედანზე ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, მოედნის მიღმა კი მეგობრობდნენ. ხვდებით, რა ტკივილია ირაკლისთვის გიორგის ამ ქვეყნიდან გასვლა, მათ ხომ ის ავბედითი დღეც ერთად გაატარეს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა და გიორგის ტრაგიკულად დაღუპვის ყველა დეტალი საბოლოოდ ცნობილი გახდება.
ჩვენ გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანს საქმეს და იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებისა.

ამ პროცესში ცოტა უცნაური და გასაკვირია ზოგიერთი ჟურნალისტის, თუ ტელეკომპანიის ცალკეული განცხადებები, რომლებიც არ ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, ლახავს ამა თუ იმ პირის სახელსა და ღირსებას, რომელთა უკანაც ოჯახი, მეგობრები, სანათესაო და სამეზობოლო დგას.
ჩვენ დიდი პატივს ვცემთ ჟურნალისტურ საქმიანობასა და ქართული სამაუწყებლო კომპანიების როლს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში, ვაფასებთ მედიის როლს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოვლენებისა და ფაქტების ოპერატიული მიწოდების საკითხებში. თუმცა, პატივისცემის მიუხედავად, ვერანაირად უპასუხოდ ვერ დავტოვებთ და გამოვთქვამთ პროტესტს სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველში“ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, ჩვენი შვილი, ირაკლი წაქაძე „გიორგი შაქარაშვილის მიმართ ძალადობას ნაწილობრივ აღიარებს“ და „ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე მცხეთაში ნაქირავებ სახლში მომხდარი ჩხუბის კადრებში ჩანს. დაბადების დღის ერთერთ მონაწილეს მან თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა“.
ყველას გასაგონად გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ირაკლი წაქაძე თავის კოლეგა ფეხბურთელთან, გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. გიორგის გაუჩინარების მომენტში ირაკლი წაქაძე საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და ეს ძალიან კარგად იციან საგამოძიებო უწყებებმა.

ირაკლი წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისდა უნებურად, არანაირად – თავისი ინიციატივით, ჩართული აღმოჩნდა ჩხუბში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები იყო, ძირითადად, განრიდების მიმართულებით.

ჩვენთვის გაუგებარია – სად, რომელ კადრებშია ნაჩვენები ან ასახული ირაკლი წაქაძის უშუალო ჩხუბი, ან, მით უმეტეს, მისი მხრიდან „ვინმესთვის ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმა“. რომ იტყვიან, ამაზე კომენტარი ზედმეტია! ძალიან ბევრ კადრში, რომელიც საკმაოდ არსებობს საგამოძიებო საქმეში, ჩანს, თუ როგორ ცდილობს ირაკლი სხვათა განრიდებას – აი ესაა სიმართლე“, – აცხადებს წაქაძეების ოჯახი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები