არჩილ თალაკვაძე NDI-ის წარმომადგენლებს: საქართველო მზადაა არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე პარტია, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი – ირაკლი კობახიძე და ვიცესპიკერი – კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელსა და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ.

როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმები, წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები, “კოვიდ19”-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები და სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყანა ყველა ზომას მიიღებს პანდემიის პირობებში მოქალაქეთა, ასევე, დამკვირვებლების უსაფრთხოების დასაცავად.

NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები, ისაუბრა პოზიტიური საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები