ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპაში “კოვიდ-19”-ის ახალ აფეთქებაში დამნაშავეები შესაძლოა, ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესებს არ იცავენ და ცდილობენ, ანდრინდელი ცხოვრებით იცხოვრონ.
ამის შესახებ ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ BBC-ის რადიოეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნების მთავრობებმა რეკომენდაციებზე უფრო მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთონ.
“სულ უფრო მეტი ქვეყანა განიცდის ლოკალურ აფეთქებებსა და დაავადების მატებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ ადამიანები ქცევებს ცვლიან. სხვადახვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები გვატყობინებენ, რომ ინფიცირების განსაკუთრებული მატებაა ახალგაზრდებში. ამიტომ, ჩემი აზრით, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვიმუშაოთ უკეთესად ახალგაზრდებთან”, – აღნიშნა კლუგემ.
მან ასევე თქვა, რომ ორი ქალიშვილის მამაა და კარგად ესმის, რომ ახალგაზრდებს არ სურთ ზაფხულის გარეშე დარჩენა, მაგრამ დასძინა, რომ მათ მართებთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, მშობლების, ბებიებისა და ბაბუების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებთან ახლოს ცხოვრობენ.