დევიდ კრამერი: ამერიკას სურს საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება

„ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ იმ კონგრესმენებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან, არსებობს შეშფოთება სხვადასხვა საკითხზე: რუსეთის გავლენა და საქართველო, მოქმედი მთავრობის ურთიერთობა მოსკოვთან და ბატონი ივანიშვილის გავლენა”, – ასე ეხმაურება „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას.

„ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში: პირველი, რომ ამერიკა აქცევს [საქართველოს] ყურადღებას, მეორე, რომ ამერიკას სურს საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება, და მესამე, ისინი, ვინც ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულნი არიან, უნდა იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებნი ქვეყანაში“, – განმარტავს კრამერი.

ინტერვიუში დევიდ კრამერი ამბობს –  “ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. თუმცა ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში გამოყენებული ფორმულირება ერთერთი ყველაზე მიზანმიმართული და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულია, ამასთან, არაერთ განცხადებაში იყო გამოყოფილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლიც. შესაძლო პოლიტიკური დევნის, დემონსტრანტებისადმი ძალის გადამეტების თუ ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ შეშფოთება, შემდეგ კი შეთანხმების შესრულებისკენ მოწოდებები ამერიკის დედაქალაქიდან ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ისმოდა. ამერიკელი კანონმდებლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში პროცესები”.

კითხვაზე – რატომ მიიჩნიეს კონგრესმენებმა საჭიროდ აქამდე საჯარო განცხადებებსა და წერილებში გამოთქმული შეშფოთების ან რეკომენდაციების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირება? კრამერი აცხადებს, რომ ამერიკელი კანონმდებლები ხედავდნენ, როგორ წარუმატებლად მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი, როგორ არ იყო მოწოდებები „გაგონილი“და როგორ არ ხდებოდა შეთანხმების აღსრულება.

„მაგრამ ეს [კანონპროექტი] სცილდება კიდეც უბრალოდ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე შეთანხმებას და ასევე აფიქსირებს შეშფოთებას იმ როლისა და გავლენის შესახებ, რაც მოსკოვს აქვს საქართველოს საქმეებში. ქართველებმა ჩვენზე უკეთ იციან, თუ რა გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გადაწევისა და მცოცავი ოკუპაციის კუთხით. ასევე რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ვფიქრობ, კონგრესმენებს სურდათ, ძალიან მკაფიოდ განეცხადებინათ რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ შეშფოთება. ეს ტექსტი, ფორმულირება საკანონმდებლო პროცესის ბოლოს, კანონად ქცეულ დოკუმენტში შეიძლება, არ შენარჩუნდეს, მაგრამ ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში, რომ ამერიკა მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“, – აცხადებს კრამერი.

224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ – ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით – 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები