მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 248 პაციენტი მკურნალობს.
10 ახალი შემთხვევიდან 5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 შემოტანილია და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთზე წყაროს მოძიება და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – კვლავ 41 პაციენტი გვყავს. სამი ახალი პაციენტი დაგვემატა. სამივე შემოტანილი შემთხვევაა, ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ჩვენს ცენტრში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.