ბაღდადში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, არიან დაღუპულები
ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და ქალაქ ენ-ნაჯაფში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გვიან ღამით კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, რომელსაც ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა.
Rudaw-ის ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაშავდა.
გუშინ სააგენტო France Presse-მა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბაღდადის ცენტრში 26 ივლისს მომხდარ დაპირისპირებას აქციის ორი მონაწილე ემსხვერპლა.
ქუჩაში გამოსული ხალხი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვს.
2019 წლის ოქტომბერში ერაყის რამდენიმე ქალაქში მასობრივი აქციები დაიწყო. მაშინ ხალხი მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან ბრძოლასა და სამუშაო ადგილებს ითხოვდა. არეულობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 ათასამდე დაშავდა.
განვითარებული მოვლენების ფონზე, 30 ნოემბერს ქვეყნის პრემიერმინისტრი, ადელ აბდ ალ-მაჰდი თანამდებობიდან გადადგა.