გია ვოლსკი: ოპოზიციის “ჟივილ-ხივილი” გაუგებარია, საზოგადოებას მოვუწოდებ, არ შევიდეს შეცდომაში, აშშ არის ჩვენი მოკავშირე

„საკითხები, რომლებიც განიხილეს, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, აშშ არის ჩვენი მოკავშირე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო კომუნიკაციას.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია.

„საკითხები, რომლებიც განიხილეს, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ არჩევნებს ეხება და, საერთოდ, გაუგებარია ჟივილ-ხივილი გაერთიანებული ოპოზიციის ბანაკში იმასთან დაკავშირებით, თუკი სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მას აინტერესებს და არა მხოლოდ აშშ-ს, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტით. ჩვენც, რასაკვირველია, გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს და ვფიქრობ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს. პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როცა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით აშშ-ის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ რაღაცა გაუგებრობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, არ შევიდეს შეცდომაში, აშშ არის ჩვენი მოკავშირე, საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა ჩვენი ურთიერთობებისა ყველა სფეროში, ეს შენარჩუნებული იქნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები