„ბევრ საიდუმლოსაც ინახავს ეს ტკბილხმოვანი ერთენიანი სალამური…. ის უნიკალურია“

ხელოვნების სასახლის დიქრექტორი გიორგი კალანდია გვიანი შუა საუკუნეების უნიკალურ სალამურზე წერს, რომელიც სოფელ მღვიმევშია ნაპოვნი. ეს სალამური ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას.
„ჩვენი და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ურთიერთანამშრომლობის კიდევ ერთი სასიკეთო შედეგი. თქვენს წინაშეა უცნაური ნივთი, უცნაურიც და უნიკალურიც. ეს პატარა, მომხიბვლელი თიხის საგანი არც მეტი არც ნაკლები გვიანი შუა საუკუნეების ერთენიანი სალამურია, ასეთ სალამურებს ძირითადად მწყემსები იყენებდნენ.
ასე რომ იყო ერთი პატარა იმერელი მწყემსი ბიჭი (სალამური იმერეთში სოფელ მღვიმევში ერთ-ერთ ყანაშია ნაპოვნი), რომელიც ყოველ დილას თავის ფარასთან ან ნახირთან ერთად მინდვრებზე გადიოდა და საქონელს მწყემსავდა, შინ ლამაზი და მშრომელი მშობლები ელოდნენ…. მაშინ მწყემსობა სახიფათო იყო, შეიძლება ლეკს, ან ოსმალოს ან სულაც მოღალატე თანემამულეს გაეტაცე სტამბულის ბაზარში გასაყიდად…
ჩვენი იმერელი ბიჭი კი უშიშარი იყო, ვინ იცის, ამ სალამურზე რამდენჯერ დაუკრავს, რამდენჯერ უნატრია მეფე ერეკლესთან ერთად ბრძოლა ან მეფე სოლომონის ჯარში ყოფნა…. ეს სალამურის ერთი ენა ბევრ ბავშურ სიხარულს, გაოცებას, მონატრებას და ალბათ შიშსაც ინახავს…. საუკუნეების განმავლობაში ის მიწაში ჩაფლული ელოდა დღის სინათლეს. ნეტავ, როგორ მოხვდა ის მინდორზე? იქნებ იმერელმა ბიჭმა ნახირის დევნის დროს დაკარგა, ან სულაც ტყვეთა მდევარმა წაგლიჯა სირბილის დროს…. ბევრ საიდუმლოსაც ინახავს ეს ტკბილხმოვანი ერთენიანი სალამური…. ის უნიკალურია. ასეთი ეგზემპლარი საქართველოს არცერთ მუზეუმში არ უნდა იყოს, სავარაუდოდ, დაცული.
მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ამ საქმის მთავარ „დამნაშავეს“, ჩვენი მუზეუმის გამორჩეულ თანამშრომელს, ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილს, რომელმაც ეს სალამური მოიძია და ჩვენამდე მოიტანა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საგანძურის დიდ მხარდამჭერს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები