დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრით კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყნას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი ნიშნული და მისი შემდგომი გაღრმავების მზაობა , – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

მისი შეფასებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და უმაღლეს დონეზე გაესვა ხაზი ორივე მხარის მზაობას თანამშრომლობის გასაძლიერებლად ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.

“სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით ფასდაუდებელი კონტრიბუციისა და სანდო, მტკიცე პარტნიორობის გამო.

საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე აშშ-სა და საქართველოში შექმნილ ვითარებას, ასევე, ქართული მხარის წარმატებულ ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ. პრემიერ- მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული ფასეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის კრიტიკულად მნიშნელოვანი როლი საქართველოში პანდემიასთან გამკლავების კუთხით.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრემიერ- მინისტრმა სახელმწიფო მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოვიდ-19-ის ფონზე საოკუპაციო ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ურთულეს ჰუმანიტარულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ინიციატივებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

აღნიშნული საუბრით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი დონის მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, მათ შორის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გააგრძელოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მიმართული ქმედებები და უზრუნველყოს პლურალისტული, დემოკრატიული საარჩევნო გარემო. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო რეფორმის მიამართულებით გადადგმულ ნაბიჯებს!”,- წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები