„შუშის კუბი“ – მანუჩარ ოქროსცვარიძე

„დედიკას გალერეა“ თავისი პროექტის – „შუშის კუბის“ პროგრამას აგრძელებს მანუჩარ ოქროსცვარიძის ინსტალაციით – „შავი ხვრელი“. ჩვენება შედგება 27 ივლისს, 18:00 საათზე, პროექტ „ქარავანის“ ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, სადაც ამავე ხელოვანის მეორე ნამუშევარიც განთავსდება – ინსტალაცია სათაურით – „სარკის უკანა მხარე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ინსტალაციები დამთვალიერებლისთვის გამოფენილი იქნება ორი კვირის განმავლობაში და განახლდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახალი ინსტალაციით.

„შავი ხვრელი“ წარმოადგენს თანამედროვე ადამიანის განზოგადებულ, აბსტრაქტულ პორტრეტ-მეტაფორას, რომლის აღქმა შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი – კოსმოსურ შავ ხვრელთან ნამუშევრის პარალელი აღიქმება, როგორც მინიშნება ადამიანზე, რომელიც თავისი მიზიდულობის ველში „შთანთქავს“ ინფორმაციის ნაკადს. ნამუშევარი, ასევე, შეიძლება აღვიქვათ, როგორც მინიშნება გადაჭარბებულ კონსუმერიზმსა და ადამიანის ეგოცენტრულობაზე. ამასთანავე, „შავი ხვრელი“ სვამს კითხვას კაცობრიობის მომავალზე, რომლის წინასწარმეტყველება ისეთივე რთულია, როგორც თავად შავი ხვრელის ზეგავლენა სამყაროზე – აქვს თუ არა შავ ხვრელს პოტენციალი დაბადოს ახალი სამყარო თუ ის მხოლოდ მატერიის სამარეა?

„სარკის უკანა მხარე“ მეტაფორულად ეხება სოციალურ და კულტურულ შრეებს. ნამუშევრის ერთი მხარე უხეშად გარანდული და სიბრტყობრივია, მეორე კი რელიეფური და მრავალფეროვანი, ისევე, როგორც ინდივიდი საზოგადოებაში, სადაც ადამიანის კულტურული იდენტობა ყალიბდება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანუჩარ ოქროსცვარიძე ქართველი თანამედროვე ვიზუალური ხელოვანი და კურატორია, რომელსაც არაერთ პროექტსა თუ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ხელოვანი მუშაობს სხვადასხვა მედიაში. მისი ინსტალაციების, სკულპტურებისა და გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია გამორჩეული მინიმალისტური ესთეტიკა, რომელიც აერთიანებს ღრმა კონცეპტუალურ საზრისებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები