გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ვითხოვთ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნად რჩება 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.
მისივე თქმით, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11-ვე დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების ან არდატოვების საკითხი განიხილება. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ იგივეა – 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ არსებობს უამრავი არგუმენტი, იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტებია ის, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და, ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე იქედან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს და ასე შემდეგ, უამრავი გარემოებაა“, – განაცხადა პროკურორმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.