ნათელა იანქოშვილი: „ჩემი ცა გაცილებით ღრმა და ჰაეროვანია“…

„ჩემს ნახატებში შავი დომინირებს, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, როგორ მოძრაობს ჰაერი… თუ ლურჯ ცას ხატავ, ცა თავისთავად ლურჯია, მაგრამ ჩემი ცა გაცილებით ღრმა და ჰაეროვანია, ვიდრე ლურჯ ფერში დახატული“. – ეს სიტყვები ეკუთვნის მხატვარ ნათელა იანქოშვილს, რომელიც შევიდა მისადმი მიძღვნილ ახალ წიგნში, გერმანულ და ინგლისურ ენებზე რომ დაბეჭდა გერმანულმა გამომცემლობა Hirmer-მა.

გამომცემლობა 70 წლის წინათ დაარსა მიუნხენში მაქს ჰირმერმა და დღეს ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამომცემლო სახლად ითვლება, განსაკუთრებით კი სახვითი ხელოვნების დარგში. ისინი წელიწადში ორასზე მეტი დასახელების წიგნს ბეჭდავენ, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. აღნიშნული გამომცემლობა წელიწადში ორჯერ აქვეყნებს სპეციალურ კატალოგს, სადაც ყველაზე ღირებულად მიჩნეული გამოცემები შეაქვს ხოლმე.
ძალზე საგულისხმო ფაქტია, რომ Hirmer-ის წლევანდელ საშემოდგომო ნომერში მოხვდა იანქოშვილისადმი (1918–2007) მიძღვნილი ბიოგრაფიული წიგნი.
„ნათელა იანქოშვილი: მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“ – ასე ჰქვია ამ მონოგრაფიას, რომლის ავტორიც გახლავთ ბერლინის „Galerie Kornfeld“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე.
გამომცემლობა Hirmer-მა საკუთარ წიგნებს შორის ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის ოცდაათამდე საუკეთესო პროდუქტი გამოარჩია და, ამრიგად, იანქოშვილი აღმოჩნდა ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ მხატვრებს შორის, როგორებიც არიან: დე კუნინგი, გოგენი, კირხნერი, რიჩარდ გერსტლი, ეგონ შილე, პიკასო, მატისი, ანგელიკა კაუფმანი, ვან-გოგი, ფლორაინ სტეტჰეიმერი, ფრიდა კალო, ემილ ნოლდე, პოლ კლეე,  ბასკია.
კატალოგის მთლიან გვერდზე დაბეჭდილია წიგნის გარეკანი, ასევე ნათელა იანქოშვილის ფერწერული შედევრები: „მზია იაშვილის პორტრეტი“ და „გაზაფხული“. აქვეა წიგნიდან აღებული ციტატა, რომლის სათაურია: „შავი ფონის საპირისპიროდ: ნათელა იანქოშვილის ფერადოვანი მხატვრობა“.
მოხმობილ ციტატაში კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ იანქოშვილმა მთელი ცხოვრება საბჭოთა სინამდვილეში გაატარა, მას არასოდეს დაუხატავს სოცრეალიზმის პრინციპების შესაბამისად. მისი უაღრესად ინდივიდუალური ნამუშევრები რაღაცით მოგვაგონებს ფიროსმანის, გოგენისა და ელ გრეკოს ხელოვნებას“. ეს სწორედ მხატვართა ის სამებაა, ვინც იანქოშვილს განსაკუთრებით უყვარდა.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ბლიაძის ინგლისურ და გერმანულ ენებზე დაბეჭდილმა ამ წიგნმა უმალ ჰპოვა გამოხმაურება ევროპულ და ამერიკულ პერიოდიკაში. მისი შეძენა კი უკვე შესაძლებელია „ვოთასტოუნისა“ და „ამაზონის“ ქსელში.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები