“პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება”

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

“პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება ითქვას, ძალადობის კვალი არ აღენიშნება, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებისას, მას მექანიკური დაზიანებები, იგულისხმება ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ძალადობის კვალი, ვიზუალურად არ აღენიშნება. თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად შესწავლილი იყოს შინაგანი ორგანოები, მედიკამენტების და ნივთიერებების შესაძლო მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და როდესაც იქნება მეცნიერული კვლევა დასაბუთებული, დასკვნას გაგაცნობთ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

„ასევე, ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერი ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები