ჯავახეთის რეგიონში საკულტო ძეგლების რესტავრაცია გრძელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ქართუ“ ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გრძელდება საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2020 წლისთვის 30-მდე სარესტავრაციო პროექტს მოიცავს.
სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური პროექტების მიმდინარეობა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ადგილზე მოინახულეს.
სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის  ინფორმაციით, ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კონცეფციის ფარგლებში დაიწყო ისტორიული შენობის – კავალერიის კორპუსის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი.
სარესტავრაციო და საექსპოზიციო მოწყობის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 2 მილიონად შეფასებული სამშენებლო სამუშაოები მომდევნო წლის ბოლომდე გასტანს, რომლის შემდგომ ისტორიული შენობა სამუზეუმო ექსპონატებითა და სხვა ტურისტული დატვირთვის მქონე სივრცეებით აღიჭურვება.. სამომავლოდ, იდეის პროექტი, ერთ არეალში 5 უნიკალურ ნაგებობას – რომანოვების ლიკანის რეზიდენციას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, პირველი ჰიდროელექტროსადგურის შენობას, ბორჯომის ისტორიულ ქარხანასა და კავალერიის კორპუსს გააერთიანებს

განწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2020 წელს დაიწყება საკონსერვაციო – სარესტავრაციო პროცესი სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე, რომელიც ამ დრომდე სრულად იყო მიწაყრილით დაფარული.
წლის ბოლომდე დასრულდება ამავე სოფლის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მე-3 წელია მიმდინარეობს.
ამავდროულად, უკვე დაწყებულია სოფ. ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც, რომლის სრული რესტავრაციის დასრულებაც 2023 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები