ევროპაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჩეჩენი მოკლეს. ტრადიცია არ ირღვევა, უკანასკნელი მსხვერპლი 43 წლის ბლოგერი, მამიხან უმაროვია, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებას ხშირად და მწვავედ აკრიტიკებდა. ის ვიდეობლოგებს აქვეყნებდა, რომლებიც რამზან კადიროვსა და მის კლანს ეძღვნებოდა. როგორც ჩანს, უმაროვმა პუტინის საყვარელი ლიდერი ძალიან გააბრაზა და მას ასე სასტიკად სწორედ ამიტომაც გაუსწორდნენ.
უმაროვს ვენის მახლობლად, გერასდორფის სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე თავში ესროლეს. ის მოკლული საკუთარ მანქანაში იპოვეს. ასვტრიული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნურ დიასპორაში იცოდნენ, რომ უმაროვის მოკვლისთვის ჯილდო იყო დაწესებული. პოლიცია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ძალოვანი უწყება ადასტურებს, რომ უმაროვს დაცვა შესთავაზეს, რაზეც მან თავად განაცხადა უარი.
ავსტრიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უმაროვის საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული. ისინი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ორივე მათგანი ეროვნებით ჩეჩენია. 47 წლის სარ-ალი ახტაევი პოლიციამ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ქალაქ ლინცში დააკავა, 37 წლის სალმან მაგამედოვი კი შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. უმაროვის მკვლელობა იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ ჩეჩენი ლტოლვილების საქმეზე მომუშავე ადვოკატებიც კი დაკავებულების დაცვაზე უარს აცხადებდნენ.
მამიხან უმაროვმა ავსტრიაში თავშესაფარი 2009 წელს მიიღო. მისი ახალი ავსტრიული სახელი მარტინ ბეკი იყო, თუმცა უმაროვს „ვენელი ანზორის“ სახელით უფრო იცნობდნენ. თავად უმაროვი აცხადებდა, რომ 90-იანი წლების ბოლოს ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მსახურობდა და საკუთარ თავს მებრძოლად მიიჩნევდა.
რამზან კადიროვის აქტიური კრიტიკის გარდა, „ვენელი ანზორის“ სახელი უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარეს მებრძოლი ჩეჩნების საქმეებშიც ფიგურირებს. 2017 წელს დონბასში უკრაინის მხარეს მებრძოლ ამინა ოკუევასა და ჩეჩენთა ბატალიონის ლიდერ ადამ ოსმაევზე თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი, იჰორ მოსიიჩუკი აცხადებს, რომ უმაროვი აუდიოჩანაწერებს ფლობდა, სადაც მკვლელობის შეკვეთაზე იყო საუბარი. დამკვეთი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი იყო. მოსიიჩუკი ამბობს, რომ უმაროვმა მასალა უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცა, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ისინი ცოცხალი მოწმის გარეშე აუდიოჩანაწერს ვერ გამოიყენებენ. საინტერესოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) თავისივე უწყების მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი, ვალერი შაიტანოვი დააკავა. СБУ-ს განცხადებით, იგი რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო და პოლკოვნიკ ეგოროვის მიერ იყო გადაბირებული. მათი ბოლო ერთობლივი ოპერაცია კი ადამ ოსმაევის ლიკვიდაცია უნდა ყოფილიყო. მოსიიჩუკი ფიქრობს, რომ, კადიროვის კრიტიკის გარდა, ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობით ჩეჩნეთის ლიდერმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა სხვა თავდასხმებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების მნიშვნელოვანი მოწმე მოიშორეს თავიდან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები ქილერის სამიზნეები გახდნენ. 2009 წელს ვენის ცენტრში კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი, უმარ ისრაილოვი მოკლეს. 2011 წელს ავსტრიის სასამართლომ მის მკვლელობაში დამნაშავედ ჩეჩნური წარმომავლობის სამი პირი სცნო.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უმაროვის გარდა თავდასხმა კიდევ სამ ჩეჩენზე განხორციელდა:
2019 წელს ბერლინის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც, სავარაუდოდ, გრუ-სთან აქვს კავშირი. გერმანიის პროკურატურის თქმით, ხანგოშვილის ლიკვიდაციის ბრძანება რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა გასცეს. Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელმა, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ელიტარული ქვედანაყოფის “ვიმპელის” ბაზაზე გაიარა.
2020 წლის თებერვალში, საფრანგეთში ჩეჩენი იმრან ალიევის გვამი იპოვეს, რომელსაც 135 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ალიევიც, უმაროვის მსგავსად, ჩეჩნეთის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა. 26 თებერვალს შვედეთში კიდევ ერთ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურახმანოვს დაესხნენ თავს, თუმცა მან პოლიციის გამოძახება მოასწრო და გადარჩა. საქმეზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
2019 წელს რამზან კადიროვმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ღირსების შელახვას არავის აპატიებდა. როგორც ჩანს, რუსული სპეცსამსახურების დახმარებით ჩეჩნეთის ლიდერი დანაპირებს ასრულებს და თავიდან იშორებს ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელია. რამდენიმე დღის წინ უმაროვის ჩეჩნეთში მცხოვრები ნათესავების ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ისინი, ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ საკუთარი ნათესავი თავად „გააჩუმეს“ და კადიროვს „ანზორის“ ვიდეობლოგების გამო ბოდიშს უხდიან. აიძულეს თუ არა მაღალმთიან ჩეჩნეთში მცხოვრები ოჯახი, ეს აღიარება გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, ამას ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა, ჩეჩნურ დიასპორაში ჰყვებიან, რომ კადიროვმა ვიწრო წრეში წვეულება უკვე მოაწყო და მისი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსის თავიდან მოშორება იზეიმა.
ეთული თავხელიძე