თენგიზ ცერცვაძე: მცხეთის კლინიკა საქართველოში მოქმედ კოვიდკლინიკებს შორის ერთერთი ყველაზე გამართულია
“დღეს საქართველოში 12 კოვიდკლინიკა მუშაობს, მათ შორის ერთერთი წამყვანი არის მცხეთის კლინიკა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მცხეთის სამედიცინო ცენტრში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
„დღეს საქართველოში 12 კოვიდ-კლინიკა მუშაობს, მათ შორის ერთერთი წამყვანი არის მცხეთის კლინიკა. ჩვენ ყველა კლინიკაში სულ ცოტა ორჯერ ვართ ჩასული, რათა კოორდინება გავუკეთოთ მკურნალობისა და მოვლის საქმეს, ყველა პაციენტმა მიიღოს მკურნალობა ყველაზე უფრო თანამედროვე და ეფექტური სქემებით, რაც, ალბათ, ხერხდება და, ალბათ ამიტომ არის, რომ საქართველოს გარდაცვლილების ყველაზე მცირე რაოდენობა აქვს.
დღეს იმიტომ ავირჩიეთ მცხეთა, რომ ბოლო დროს ეპიცენტრმა გადმოინაცვლა ამ კლინიკაში. დღეს მათ ჰყავთ ყველაზე მეტი პაციენტი – 37, ყველაზე მეტი მძიმე და კრიტიკული პაციენტიც. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა კლინიკისთვის. ჩვენი შეფასებით, მცხეთის კლინიკა დღეს საქართველოში მოქმედ კოვიდ-კლინიკებს შორის ერთერთი ყველაზე გამართულია და მკურნალობის და მოვლის აქაური ხარისხი არის ყველაზე მაღალი, რაც ენთუზიასტი კოლექტივის ძალიან დიდი დამსახურებაა, მათ გადაარჩინეს რამდენიმე პაციენტი, რომლის გადარჩენის იმედიც არ გვქონდა. ორი პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ იმ ფონზე, როცა მძიმე პაციენტების დიდი თავმოყრა შეიმჩნევა მცხეთის კლინიკაში, ეს არის მინიმალური რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.