ნათია თურნავა: “ეარფრანსს“ აგვისტოდან ფრენების დაწყებას დავუდასტურებთ

​”დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ავიაკომპანია „ეარფრანსს“ ფრენების დაწყებას დავუდასტურებთ, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულარული ფრენების არეალი ეტაპობრივად გაიზრდება.

„ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ფარგლებში, რომელმაც საზღვრები უპირობოდ გაგვიხსნა, ვსაუბრობდით აგვისტოში პირდაპირი, რეგულარული ფრენების აღდგენაზე. გერმანიასთან „ლუფთჰანზას” მეშვეობით ეს მოლაპარაკება შედგა. „ლუფთჰანზამ“, პრაქტიკულად, უკვე გამოაქვეყნა თავისი ფრენების განრიგი და ბილეთებიც იყიდება. შემდეგი ნაბიჯი იყო გადასადგმელი „ეარფრანსთან“ და დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, დავუდასტურებთ „ეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ პარიზის „შარლ დე გოლის“ აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა. გრძელდება მოლაპარაკება „ეარბალტიკთან“ თბილისი-რიგას მიმართულებაზე და სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მალე მიიღება. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. „ლუფთჰანზა” ეს არის მიუნხენი-თბილისი-მინხენი, „ეარფრანსი“ – პარიზი-თბილისი-პარიზი. ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება, ოდნავ მეტი, ვიდრე – ივლისში ჰქონდა. ძირითადად, ეს იქნება ვენა და ამსტერდამი. ჩვენთან შეთანხმებით, სხვა კომერციული ჩარტერებიც, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული.

რაც შეეხება ე.წ. სოციალურ ჩარტერებს სრულდება უკვე გამოცხადებული ხუთი მიმართულებით, რასაც დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება.

ეს იყო ქართველი სტუდენტების მოთხოვნა, რომლებიც გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით აპირებდნენ ჩასვლას. ჩვენ მივიჩნიეთ, ეს ის კატეგორიაა, სადაც სახელმწიფომ სწორედაც რომ თავისი სუბსიდირების რესურსი უნდა გამოიყენოს და შედარებით ხელმისაწვდომი ბილეთები შესთავაზოს. ვიმუშავეთ ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად და პრაქტიკულად ეს ფრენაც შედგება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები