“ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს.

„დღეს ქვეყანაში ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ – თუ როგორ შეიძლება ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული ენერგორესურსების საშუალებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრაზე მონაწილეებმა საპილოტე პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები საქართველოში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვასა და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ალტერნატიული ენერგორესურსებისა და შეშის მდგრადი გამოყენების ღონისძიებები გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და CENN ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები