ამირან გამყრელიძე: ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება გარდაბანში, სადაც ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება

“ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება გარდაბანში, სადაც ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევები ჭარბობს.

„ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და შემდეგ დროულად გადაგვყავს სამკურნალოდ. ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში, სადაც ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება გარდაბნის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით. ერთერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ, გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ – სადაც დადებითი იქნება, დროულად რომ იქნას იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ.

ვფიქრობთ, რომ ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი, ჯერჯერობით, არ ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საშიშროება, რომ აღნიშნული სოფლების ჩაიკეტოს, გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები