ლატვიამ და ლიეტუვამ კრემლის პროპაგანდისტული არხი – Russia Today აკრძალეს

რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად და სასურველი მითების შესაქმნელად პროპაგანდას ყოველთვის იყენებდა. ბოლო პერიოდში, კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად სულ უფრო ფართო მასებზე გავიდა. კარგად გვახსოვს, უკანასკნელ პერიოდში, ჩინეთის მსგავსად, რუსეთიც როგორ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და ადამიანების სიცოცხლეს ამით საფრთხეს როგორ უქმნიდა. პარალელურად, დასავლურმა ქვეყნებმაც  პროპაგანდის რეალური საფრთხის გაცნობიერება  და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყეს. ხშირად ეს  რუსული ტელეარხების დაბლოკვაში გამოიხატება.

სულ რამდენიმე დღის წინ, „სპუტნიკი“-სა და „იანდექს“-ის შემდეგ, ლატვიამ კრემლის მიერ კონტროლირებადი Russia Today (RT) “პროპაგანდისტულ არხად” გამოაცხადა და აკრძალა. ბალტიისპირეთის ქვეყნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო ქსელის ხელმძღვანლის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. დიმიტრი კისილიოვს სანქციები ევროკავშირში 2014 წლის მარტში დაუწესეს სწორედ პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობისთვის. ის ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა უკრაინის თემაზე და მისი ხელმძღვანლობით რუსული არხები უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ მცდარ ინფორმაციას აქტიურად ქმნიდნენ და ტირაჟირებდნენ. ამ გზით ისინი რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის გამართლებას ცდილობდნენ. მეტიც, ხშირად უკრაინის მოქალაქეების დახოცვის მოწოდებებსაც კი ავრცელებდნენ.

საინტერესოა, რომ კისილიოვის მედიაჯგუფი – Russia Today კრემლის მიერ ყველაზე მეტად დაფინანსებული საშუალებების პირველ ათეულშია. 2018-2020 წლებში კისილიოვმა ხელისუფლებისგან  288 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ფულადი კონტრიბუცია მიიღო.

ლატვიის მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „ეროვნული ელექტრონული მედია საბჭო“ (NEPLP) RT-ს ინგლისურენოვანი, ასევე, ესპანური და არაბული ვერსიები აკრძალა ისევე, როგორც – დოკუმენტური არხი და მაღალი რეზოლუციის პროგრამები. საბჭომ განაცხადა, რომ ამ პროგრამების საშუალებით რუსეთი ლატვიის შეუმდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობდა. საინტერესოა, რომ ბალტიის ქვეყნებში Russia Today-ს მაუწყებლობის სხვა შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ პროპაგანდისტული არხისთვის ეს ახალი აკრძალვა დიდი დარტყმაა.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანია – RT დასავლეთში ყველაზე საშიშად და  დიდ პროპაგანდისტულ არხად მიიჩნიეს.

ლატვიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეს არხი მათი ქვეყნების ტერიტორიაზეც  დაებლოკათ. მოწოდებას 8 ივლისს ლიეტუვა გამოეხმაურა და თავის ტერიტორიაზე ტელეარხს მაუწყებლობა შეუჩერა.

თავად კისილიოვი აცხადებს, რომ RT-ს დაბლოკვა ლატვიის ხელისუფლების სისულელისა და უცოდინრობით არის გამოწვეული. რა საინტერესოა, რომ რუსებისთვის ნებისმიერი, ვინც მათ ღია თუ შეფარულ აგრესიას ამხელს, უბრალოდ, რუსოფობია. ლატვიაში საპასუხოდ ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან სიცრუის მუდმივი გავრცელება მათ ქვეყანაში მოსახლეობის აზრის შეცვლასა და ნიჰილიზმის გაღვივებას ემსახურება, თანაც იმ ფონზე, როდესაც  ლატვიის მოსახლეობის 30% რუსულ ენაზე საუბრობს და მათი უმრავლესობა ეთნიკურად რუსია.

ლატვია პირველი ქვეყანა არ არის, რომელიც რუსულ სიცრუის მანქანას უპირისპირდება, ეს არც ლიეტუვასთვის არის პირველი შემთხვევა.  2014 წელს უკრაინამ ომისა და ძალადობის პროპაგანდისთვის 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა. თანაც, მანამდე თავად რუსეთმა ყირიმის ტერიტორიაზე  უკრაინული არხები დაბლოკა, რათა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სიცრუე უპრობლემოდ გაევრცელებინა.

2015 წლის 9 აპრილს ლიეტუვას კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ – RTR Planeta  ვლადიმერ სოლოვიევის მიერ გადაცემაში სიძულვილის ენისა და პროპაგანდის ტირაჟირებისთვის 3 თვით დაბლოკა.

საინტერესოა, რომ ეს არხი „სახელმწიფო რადიო და  ტელევიზიის გადამცემი კომპანიის“ (VGTRK) სერვისის პაკეტში შედის, რომლის ხელმძღვანელი, ოლეგ დობროდიევი 2000 წელს პუტინის სპიკერად დაინიშნა და მედიის კონტროლი და რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უზრუნველყოფა დაევალა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ RTR Planeta ევროკავშირის აუდიოვიზუალური დირექტივის თანახმად დაიბლოკა. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ არხის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

2015 წლის 28 მაისს მოლდოვის „ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭომ“ რუსული არხი – Россия 24 რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ფაქტების დამახინჯების გამო აკრძალა. საბჭომ განაცხადა, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივების მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო მედია სტანდარტებს. 2016 წელს პროპაგანდის ტირაჟირებისთვის ლიეტუვამ, ლატვიამ და თურქეთმა „სპუტნიკი“ დაბლოკეს.  ფინეთი და შვედეთიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

აშკარაა, რუსული პროპაგანდისტულ მანქანას ჭანჭიკები მოუძველდა და ახლა მისი ტყუილების ამოცნობას სულ უფრო მეტი ადამიანი ახერხებს. როგორც ჩანს, კრემლის სატელიტ არხებს სიცრუის მშვიდად ტირაჟირება სულ უფრო გაუჭირდებათ. ქვეყნების მიერ საპასუხო ზომები ახლა უფრო ოპერატიულად და მკაცრად მიიღება. ეტაპობრივად, ევროპა ახალ რეალობაში ინაცვლებს. ეს ის რეალობაა, სადაც მოსკოვს ცრემლების, ხოლო მსოფლიოს  მოსკოვის ტყუილების არ სჯერა.

 

ანა კალანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები