ვახტანგ ძაბირაძე: ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელს კავკასიაში ცდილობდეს
“თუ კვლავაც გამწვავდა ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კრემლი ეცდება, ეს კონფლიქტი მე-5 კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულნი.
“1988 წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები – იქაური ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები და თითოეული გვიმტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობის სახელით ვრცელი წერილი დაიწერა და ყველამ ერთად ვთქვით, რომ საქართველო ამგვარ კონფლიქტებში ვერ ჩაერეოდა და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ. ჩვენმა წერილმა, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ვერ შეაჩერა და იმჟამადაც გაჩნდა კონფლიქტის საქართველოში გავრცელების საფრთხე – იყო ინციდენტებიც, თუმცა – მცირე მასშტაბით. წლების მერე, პროცესების გაანალიზების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმჟამად საბჭოთა კაგებე-მ ჩათვალა, რომ თუ კონფლიქტი აქაც გადმოვიდოდა, რუსეთს მისი გაკონტროლება გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეაჩერეს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა.
2007 წელს პოლონეთში კონფერენციაზე ვიყავით და მეც მომიწია სიტყვით გამოსვლა. მე ვთქვი, რუსეთი კავკასიურ კონფლიქტს ამზადებს, თუმცა დასაწყებად ჯერ რესურსი არ აქვს-მეთქი. 2008 წელს კონფლიქტი მოხდა, მაგრამ, სხვაგვარად. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, ის საკითხები, რითაც შეეძლო სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, ამოწურა. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლა უკვე რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელს კავკასიაში ცდილობდეს. როდესაც კონფლიქტი ყარაბაღს გასცდა და მაინცდამაინც საქართველოს საზღვარსა და იმ ენერგოხაზთან ახლოს დაიწყო, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გადის და დასავლეთით მიემართება, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ვითარება ძალიან საყურადღებო და სახიფათოა. ჯერჯერობით, თითქოს, მიწყნარდა, მაგრამ თუ კრემლი შეეცდება, კვლავაც გამწვავდეს ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდება იმასაც, რომ მეხუთე კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს. გონიერება მართებთ უპირველესად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რათა კრემლის დაგებულ მახეში არ გაებან.
რა შეგვიძლია ჩვენ – ხელისუფლებას თუ საზოგადოებას? რა თქმა უნდა, კონფლიქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ, ამასთან, უნდა მოვიქცეთ რაც შეიძლება ფრთხილად. ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ყველა შესაძლო სცენარსა და მის პრევენციაზე, საზოგადოებამ კი ამ თემებისა და საფრთხეების განხილვა საჯაროდ უნდა დაიწყოს. კარგად უნდა გაანალიზდეს, შეუძლია თუ არა რუსეთს ამ ეტაპზე კავკასიაში კრემლისგან კონტროლირებადი არასტაბილური მდგომარეობის ინსპირირება?
ამას დაუმატეთ ისიც, რომ შემოდგომაზე რუსეთი კავკასიაში სამხედრო სწავლებას იწყებს, ასევე, გაიხსენეთ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები. ახლახან ჩვენი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც თურმე ღამურების დასაჭერად დაარღვია ვითომ საზღვარი. ესეც იმას ემსახურება, რუსეთში როგორღაც შექმნან აზრი, რომ ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება.
იბადება კითხვა: თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარების შექმნას, ხომ არ გამოიყენებს ამას იმისთვის, რომ ვითომ ლაბორატორიის მუშაობის გასანეიტრალებლად შემოიყვანოს სამხედრო ძალა უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც? ეს პროცესების განვითარების ერთერთი ვერსიაა, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.
მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოუსპონ მოქმედების საშუალება რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი და რუტინული მუშაობა, თანაც – ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესის გარეშე. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, ვინმემ შიდაპოლიტიკური მიზნით გამოიყენოს”, – განაცხადა ძაბირაძემ.