ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოსა და აჭარაში სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
იმერეთის რეგიონის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელოსა და აჭარაში გაეცნო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის მსგავსად სამეგრელოში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე – სრულად რემონტდება ყაზარმები, ხდება სახურავების გამოცვლა და ახალი პროფილირებული თუნუქის სახურავით გადახურვა, შენობა-ნაგებობი სინეტისგან დამცავი ანტიკოროზიული, ანტისეპტიკური და ნესტგამძლე საღებავებით იღებება, გარე ფასადები კი, ჰიდრო-თბო იზოლაციით შეიფუთება. ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში სპორტული მოედნებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფში. მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას. ადლიის სამხედრო ნაწილში რემონტდება საკონტროლო გამშვები პუნქტისა და შტაბის შენობები, ყაზარმები, სასადილო, სპორტდარბაზი, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო და სხვა ტექნიკური დანიშნულების შენობები. მიმდინარეობს გარე განათების სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი თავდაცვის მინისტრის დავალებით მიმდინარეობს. განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია 60 ლოკაციაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.