მირიან ნიკოლაძე: ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს ვადის გაგრძელება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო
“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ ვადაში, რაც დარჩენილია სასამართლო პროცესამდე, თუ დამატებითი სასამართლო ექსპერტიზის პასუხები არ მოვიდა, თუ არ მოვიდა გენეტიკური ექსპერტიზის პასუხი, პროკურატურას გაუჭირდება, დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენოს”,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ “ტვპირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ჩვენი, ოჯახის მოთხოვნა კი კვლავ კატეგორიულია – საქმე სასამართლოში წავიდეს 109 – განზრახ მკვლელობის მუხლით. ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს ვადის გაგრძელება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
ამ ექსპერტიზაში ჩართული იქნება ბევრი ექსპერტი, რაც მარტივი არ არის და ამას სჭირდება დრო.
პირველმა ექსპერტიზამ მაქსიმალურად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ექსპერტიზის იმიტომ, რომ მანამდე იურიდიულად საყრდენი არ მქონდა და მკვლელობაზე განცხადებას ვერ ვაკეთებდი. ახლა უნდა გამოირიცხოს ყველაფერი და მთავარი ვერსია უნდა იყოს განზრახ მკვლელობა”,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველ სასამართლო პროცესი 31 ივლისს ჩაინიშნა.