სახალხო დამცველი ლუკა სირაძის საქმეზე: ვფიქრობთ, სასამართლოს განაჩენი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს
“როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში უკვე უნდა იყოს განაჩენი ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, სასამართლოს განაჩენი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეშია არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, არამედ სხვა ტიპის გადაცდომებიც.
“როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, უკვე უნდა იყოს განაჩენი ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, სასამართლოს განაჩენი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, რადგან ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც, დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში. ასევე, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ამ საქმეში ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევასაც, რადგან არის გარკვეული ეპიზოდები, როდესაც შეცვლილია ჩვენებები. ასევე, ვფიქრობთ, საქმის მასალებში იკვეთება ერთერთი პოლიციელის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით იყო გამოძიების მისამართით, რომ ეს ვერსია და ბრალის წარდგენის შესაძლებლობა განეხილათ. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის განაჩენი ბევრ რამეს გასცემს პასუხს, მათ შორის, ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით ვნახავთ, სასამართლო გაიზიარებს თუ არა ამ არგუმენტებს და დაადგენს თუ არა, რომ ერთერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ამიტომ, ერთი მხრივ, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობთ, არის სხვა პირების მხრიდან გადაცდომები თუ სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი, რომელთა მიმართაც, ჯერჯერობით, კვალიფიკაცია დადგენილი არ არის”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.